logo
ENG



შსს-ს თქმით, ხალხს პარლამენტის გარშემო მსვლელობის უფლება "წინა გამოცდილებით" არ მისცეს

16 აპრ 202415:29
3 წუთის საკითხავი
 
შსს-ს თქმით, ხალხს პარლამენტის გარშემო მსვლელობის უფლება "წინა გამოცდილებით" არ მისცეს
ფორმულა/ლანა მრავლაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 15 აპრილს გამართული აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაზე წრის შემორტყმის საშუალება "წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით" არ მისცა.

უწყების განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან.

15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში გამოხატავდნენ პროტესტს, ხოლო 19:00 საათიდან აქციის წევრებმა შეკრება დაიწყეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დაწყებისა და მის გარშემო განთავსებისკენ, მაშინ როდესაც შენობაში კვლავ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.

წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება.

შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები. ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ჰქონდათ საშუალება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.

აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება.

მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.

აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა.

საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე.

სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ადგილზე მართლწესრიგის და როგორც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მყოფი პირების, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს"- ნათქვამია განცხადებაში.

***

15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. განხილვის პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობდა.

19:00 საათიდან აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 14 ადამიანი დააკავეს.

ადგილზე ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა. 


close დახურვა